ხვალისთვის კორონავირუსზე სამეგრელო-ზემო სვანეთში 451 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხვალისთვის კორონავირუსზე 451 პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან. მათ შორის 106 ზუგდიდში დღეს დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევის კონტაქტებია. ინფორმაცია ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია ავრცელებს.

მალხაზ თორიას განცხადებითვე, დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში დღეს გამოვლინდა ორი კოვიდინფიცირებული. ერთი მოთავსებულია ფოთის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე რუხის კლინიკაში. დადგენილია მათი კონტაქტები –  106 მოქალაქე. მათ ჩაუტარდათ ტესტირება. გარდა ამისა სულ გატესტილია 451 მოქალაქე. რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 48 პაციენტი რჩება, მათგან 44 კოვიდინფიცირებულია. სულ რეგიონის მასშტაბით 25 კოვიდინფიცირებული გვყავს.

ოქროს ბირჟა, სადაც 50 წლამდე კოვიდინფიცირებული მამაკაცი მუშაობდა დახურულია, მისი გახსნის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
ოქროს ბირჟაზე მომუშავე კოვიდინფიცირებული მამაკაცის ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია. ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ზუგდიდში არანაირი დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მსგავსი თემები