„ალბათ მალე წამიყენებენ ბრალს“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი, პროკურატურა კი სამართლებრივი გადაწყვეტილებისთვის ემზადება  

გენერალური პროკურატურა მიხეილ რამიშვილის ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენას ადასტურებს. როგორც პროკურორი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.   

„მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ასახავს დავით ფურცხვანიძესთან მის კომუნიკაციას. დადასტურებული გვაქვს ფაქტი, რომ ეს ფოტოსურათი არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას. სამომავლოდ, ამ საქმეზე შეფასებისგან თავს შევიკავებ. იმ შეთხვევაში, თუ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე“ – განაცხადა პროკურორმა დავით გემბერიძემ მედიასთან.

რაც შეეხება თავად თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, ის არ გამორიცხავს, რომ მალე დააკავებენ. „ალბათ, მალე წამიყენებენ ბრალს და მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – ასეთია მიხეილ რამიშვილის შეფასება.

სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა, განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ფოტოების ე.წ. ავტორმა, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემაც (ვინც სატელიტის ფოტოები მოიპოვა) გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ რამიშვილს თავად დაუკავშირდა, საკუთარი სურვილით შეხვდა და ფოტოც თავისი ინიციატივით გადასცა.     

მსგავსი თემები