საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტის შეურაცხყოფაა – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფა და ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა შემოიტანა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე მოსამართლეს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით არის არჩეული, თავიანთი გადაწყვეტილებით კი მათ ამ ყველაფერს გადაუსვეს ხაზი.

მისივე თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ 2012 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებით “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ქართველი ამომრჩევლის ოცნება მარიხუანის ლეგალიზაცია ყოფილიყო.

“საკმაოდ რთული თემაა ეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ეს მოსამართლე “ქართული ოცნების”  მხარდაჭერით აირჩიეს თავის დროზე, ყველაფერს ამას გადაესვა ხაზი და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გაუგებარი გადაწყვეტილება. არ ვიცი, მომავალი კონსტიტუცია, რითაც ჩვენ ვამაყობთ, იძლევა კი იმის  საშუალებას, რომ გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება. ძალიან ცუდი ტენდენციაა ქვეყანაში, როდესაც რელიგიური ასპექტების გათვალისწინება არ ხდება. რატომღაც ზედმეტად ლიბერალური სამართალს ვატარებთ  და სახელმწიფოს როლს ვაკნინებთ. არ მგონია მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე ჩვენს ქვეყანაში ერთ პროცენტზე მეტი იყოს. თუ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის პოზიცია არ არის ფასეული? ეს რა დემოკრატიაა არ მესმის. არჩევნების თვალსაზრისით არსებობდა პარლამენტი, რომელსაც უნდა მიეღო კანონმდებლობა და არა  სამ მოსამართლეს, რომლებმაც სილა გააწნეს ჩვენს საზოგადოებას და დიდი დაძაბულობა შემოიტანეს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

​მისი აზრით, ​ერთადერთი გამოსავალია, ახალ კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამოქმედდება, პარლამენტმა შეიტანოს ცვლილებები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა იყოს შესაძლებელი.

 

მსგავსი თემები