საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ- აგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ამასთან, იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 462.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 260.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 145.5 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 481.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს 325.1 მლნ. აშშ დოლარით იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 312.1 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი თემები