„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ UNICEF მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ბავშვებთან მიმართებაში გატარებული ღონისძიებებით საქართველო წარმატებული აღმოჩნდა, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

„პანდემიის გამო მსოფლიო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა და UNICEF-მა თავის კვლევაში დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, სამწუხაროდ, მსოფლიოში 42 მილიონზე მეტი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია. ეს არის შემაშფოთებელი მონაცემები, მაგრამ ამ ფონზე, სასიხარულოა, რომ საქართველოს მონაცემები აბსოლიტურად დადებითად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, ბავშვების მიმართულებით, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული. ვერცერთი ხელისუფლება ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს, რომ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა იყოს და ეს გავაკეთეთ ჩვენ. UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული იყო მინიმუმ 50 ლარიანი დახმარება და ჩვენ შევძელით,  მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული დონაცია ამაში სერიოზული ხელშემწყობი გახდა, რომ რეკომენდირებულზე 4-ჯერ მეტი ერთჯერადი კომპენსაცია გადაგვეცა ბავშვებისთვის, რაც ერთის მხრივ, უკიდურესად გაჭირვებული ბავშვების ყოველდღიური შიმშილის პრობლემას დროებით გადაჭრის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამით შემოვიფარგლოთ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ჩვენ მოსახლეობაზე.

როდესაც UNICEF, ამ სფეროში ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია გაქებს და პოზიტიურად გაფასებს, ეს არის ქვეყნის და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა. ეს არის ქვეყნის, საქართველოს მიღწევა, ისევე როგორც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებშიც, ანტიკრიზისულ გეგმაშიც და განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, ქვეყანა წარმატებული აღმოჩნდა, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები