„დმანისში ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება, რომ თბილისელ ახალგაზრდებს კონკურენცია გაუწიონ“ – გიორგი გახარია

 „აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დმანისში გოგი მეშველიანის წარდგენაზე.

მისივე თქმით,  სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში და ასეთი კიდევ 9 სოფელია.

„ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს, ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, რომ ადამიანები დმანისში დარჩნენ, რომ ახალგაზრდები დმანისში ბრუნდებოდნენ, რომ აქ იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ დმანისში ახალგაზრდებს შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება. როდესაც თბილისში ჩავლენ, თბილისელ ახალგაზრდებს მაგარი კონკურენცია გაუწიონ. დმანისში ჩვენი მოხუცები, პენსიონერები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც დიდ ქალაქებში, ღირსეულად. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.   

მისივე შეფასებით, პირველ რიგში, წესრიგში მოსაყვანია გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ – საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები.

„ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები