სახელმწიფო შესყიდვებში უნდა წახალისდეს კომპანიები, რომლებიც იცავენ შრომის უსაფრთხოებას – დეპუტატი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებში უნდა წახალისდეს ის კომპანიები, რომლებიც იცავენ შრომის უსაფრთხოების შესაბამის სტანდარტებს და მათი საწარმოს ისტორიაში საშუალო სტატისტიკურზე ნაკლები საწარმო ტრავმები და უბედური შემთხვევები აქვთ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” აკაკი ზოიძემ განუცხადა, პარლამენტში შესულია იმ მძიმე პირობების სამუშაოებისა და იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომელსაც ექნება ვალდებულება, შრომითი ინსპექცია შეუშვან საწარმოში და შეასრულონ მათთვის მიცემული რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაექვემდებარებიან სანქციებს. ჩამონათვალში შედის როგორც სამშენებლო კომპანიები, ასევე, სამთო-სამადნო მომპოვებელი, ქიმიური მრეწველობა და ყველა სხვა მიმართულება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყო ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან.

მისივე თქმით, ეს პრობლემა მოგვარდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელს გაცილებით ძვირი დაუჯდება შრომითი უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფა, ვიდრე მათი დაცვა. ​აქ არის პოლიციის როლი, სასამართლოს სანქციის შედეგად მიკუთვნებული კომპენსაციები, უბედური შემთხვევების დაზღვევა, შესაბამისად აქ უკვე შემოდის ფინანსური მოტივის კომპონენტი, რომელიც დამსაქმებელმა უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არ გადაუხდის მას იმ თანხას, რომელიც ეკუთვნის სადაზღვევო შენატანის გადახდის შედეგად.

“შედეგი იქნება ის, რომ გარკვეულწილად ეს იქნება პრევენციის მექანიზმი, რომელმაც მთლიანი შრომის უსაფრთხოების სისტემა უნდა დაარეგულიროს. მხოლოდ შრომის ინსპექცია პანაცეა რომ არ არის, მემგონი ყველამ იცის. ერთ-ერთი მექანიზმია, რომლითაც ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები სამუშაო უსაფრთხოების წესების არდაცვის გამო”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მსგავსი თემები