„თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც მიესალმება რუსეთთან ფრენებს. როგორც 7-8 მარტი იყო წყალგამყოფი, ისე დღევანდელი დღეა წყალგამყოფი“ – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს.
მისი შეფასებით, რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს გაფრინდება.
„ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ? შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. ის არ ემსახურება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ადამიანების ინტერესებს. ის არ ემსახურება ევროპული პერსპექტივისთვის მებრძოლი ადამიანების ინტერესებს. ის ემსახურება რეჟიმის ინტერესებს. დააწყნარეთ ის ადამიანები, ვისაც მოსმენა არ შეუძლიათ. ნუ ყიყინებთ, მოისმინეთ, რასაც გეუბნებით. მწარეა სიმართლე“ – მიმართა ვაშაძემ „ქართულ ოცნებას.“