“არ არის გამორიცხული გაფართოებული ტესტირებები სხვა ბაზრობების ტერიტორიაზეც ჩატარდეს” – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის საქართველოში 2 ცხელი წერტილია: გარდაბანი და ლილოს ბაზრობა.

ამირან გამყრელიძემ გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც მიაწოდა მედიასაშუალებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაბანში აღმოჩენილია 59 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, აქედან 6 თავად ქალაქის ტერიტორიაზე, 4 ყარათაკლიაში, 6 სოფელ გამარჯვებაში და ყველაზე მეტი – 29 სოფელ ყარაჯალარში. სწორედ ყარაჯალარში არის ამ მომენტისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა.

სულ გარდაბნის ტერიტორიაზე 3 394 ადამიანია გამოკვლეული და 142 მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. გარდაბანში აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში აღმოჩენილი საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლილოს ბაზრობას, როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. ლილოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის 1 415 ადამიანია გამოკვლეული და მათგან 8 დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ლილოს ბაზრობის მსგავსად, გაფართოებული ტესტირებები სხვა ბაზრობების ტერიტორიაზეც ჩატარდეს.

“ეს 2 წერტილი  – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი არის უფრო მეტად ყურადღების მისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირებები.

გამკაცრებულია ბაზრობებზე თერმოსკრინინგი, დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები და ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ვფიქრობთ, ახლა დგება პროექტი  – ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე,” – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები