მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

რაც შეეხება დაზარალებულ მხარეს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ.

„დაზარალებულ ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც დღეს აქვთ შეფარდებული, დარჩება ძალაში, ვინაიდან ამისათვის არსებობს როგორც პროცესუალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი და ისინი არ მიიმალონ. ამ დამატებით ვადაში ძიების ფარგლებში გავარკვიოთ ყველაფერი ბოლო სიზუსტემდე და ნიუანსებამდე. თქვენ ხედავთ უკვე დადებით ტენდენციას, რომ აღარაფერი დარჩება გაურკვეველი. უკვე დავიძარით იქითკენ, რომ ყველა დეტალი იქნას აღდგენილი და დარწმუნებული ვარ, როცა საქმე სასამართლოში წავა, მთლიანად იქნება დაკმაყოფილებული ის მაღალი სტანდარტი, რასაც სასამართლო ითხოვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები