“მოვითხოვე, მოხდეს მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა“ – გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სამ კატეგორიულ მოთხოვნას აყენებს და აცხადებს, რომ ეს მოთხოვნები დღესვე უნდა დაკმაყოფილდეს. მიხელ რამიშვილმა ეს განცხადება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან გააკეთა, სადაც ის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა. თუმცა, ეს ვერ შეძლო.

“საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის), ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარეებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და  საქმის მასალის გაცნობა”, – ასეთია მიხელ რამიშვილის კატეგორიული მოთხოვნა.

ადვოკატი გიორგი შაქარშვილის საქმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ბიძა მეორე დღესვე ჩაერთო საქმეში, როგორც ადვოკატი.

„შაქარაშვილის საქმეზე, ბიძამისს ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი თემები