დაანონსებული რეფორმები საჭიროებს ახალ ადამიანებს – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, დადებითად აფასებს ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს და იმედოვნებს, რომ ცვლილებები პოზიტიურად წაადგება ქვეყნის რეგიონების განვითარებას.

მაია ცქიტიშვილი მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარიც უნდა დასწრებოდა, თუმცა როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა ის სვანეთში განვითარებული მოვლენების გამო ჭუბერში გაემგზავრა.

„შევაჯამეთ ის ოთხი თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ სხვადასხვა პროექტზე და მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, პრემიერმა კარგად ახსნა დღეს, რომ  ახალი გამოწვევები და ინიციატივები, დაანონსებული რეფორმები საჭიროებს ახალ ადამიანებს და მჯერა, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურად წაადგება რეგიონების განვითარებას“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თანამდებობიდან 5 გუბერნატორი გაათავისუფლა, კერძოდ, თანამდებობები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობაზე რჩებიან გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი.

მსგავსი თემები