“იტალიური კალია“ მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის და ძირითადად სასაზღვრო რაიონებს აზიანებს   

„FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, უდაბნოს კალიის  გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია“ – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი და ამბობს, რომ საქართველოში მხოლოდ „იტალიური კალიაა“ გავრცელებული, რომელის მიგრაცია მეზობელი ქვეყნებიდან ხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კალიებთან დაკავშირებით კომენტარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ბევრი არაკომპეტენტური და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოში უდაბნოს კალიის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა. არსებობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები. FAO-ს 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა საფუძველს მოკლებულია. არც ერთი სპეციალისტი არ იზიარებდა მოსაზრებას გავრცელების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელი იტალიური კალია. აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად  ვახორციელებთ. ეს მავნებელი, დიდწილად, აზიანებს ჩვენს სასაზღვრო რაიონებს, მათი მიგრაცია ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კალიებთან ბრძოლა ხდება როგორც მთლიანად კახეთში, ისე ქვემო ქართლში, თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში.

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთან ბრძოლა მნიშვნელოვანია მოსავლის გადარჩენის, მწვანე საფარის შენარჩუნების და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, – დასძინა მინისტრმა.

მსგავსი თემები