“არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას” – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან  ნიკოლაძე გადამწვარ ადგილთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიაზე საუბრობს, ნიკოლაძის მოსაზრებით ლოგიკას მოკლებული არაა, რომ ადგილი განგებ გადაწვეს.

„გადაჭრით ვერ გეუბნებით, რომ გამორიცხულია და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვიგებ დაზიანებულიყო. ამ ხალხისგან შეიძლება ყველაფერს მოველოდე შეიძლება ვიღაცა მივიდეს და ატეხოს ამბავი, რომ აი, თურმე რა ხდება შემთხვევის ადგილი დაიწვა. მეორე შესაძლებელია, ვიღაცამ მართლა შემთხვევით ქნა. არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ადგილი, სადაც ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია ამის შესახებ გუშინ პირველად ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატებმა გაახმაურეს.

გურამ ამირხანაშვილი ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმეა“ – ის გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ექვსმა ახალგაზრდამ დიდუბეში ჩამოიყვანა. ამირხანაშვილის პირველი ჩვენებით, მას თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და რამდენიმე ინციდენტია ასახული.

რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ კვალიფიკაციის დამძიმება და ასევე ბრალდებულთა წრის გაფართოება არ გამორიცხა.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე – ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

მსგავსი თემები