„დაიცავით უსაფრთხოების ის წესები, რაც ტყეში გადაადგილების დროს ვრცელდება“ – გარემოს დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, სპეციალისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული დაუდევრობით.

„ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს  მოსახელობას, დაიცვან  უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს  ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.“ – აღნიშნულია გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები