პროკურატურამ, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, საქმე 2008 წლის 18 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს, ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია.

„მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში. მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით, შედეგად ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე – „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. შედეგად საქართველომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული​ საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილება მის ადვოკატს გააცნეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები