მესაზღვრეს, რომელსაც ტურისტების მიმართ ძალადობას ედავებიან, პატიმრობა მიუსაჯეს

ვაშლოვანის ნაკრძალში, მესაზღვრესა და ტურისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ მესაზღვრეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატი 10 000  ლარიან გირაოს ითხოვდა, რომელიც  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ცისკარაულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

გამოძიების ინფორმაციით,  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი 2023 წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები