უცხოეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვა მოითხოვეს

  •  

„ახალი კორონავირუსის“ გამო უცხოეთიდან დაბრუნებულმა 40-მდე საქართველოს მოქალაქე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვა მოითხოვა. როგორც  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, პროგრამაში 25-მდე ადამიანი ჩართეს და მათ პრეპარატს კარანტინში აწვდიან.

მედიაცენტრი მთავარი:“ რამდენიმე დღის უკან, თქვენმედიაცენტრ მთავართანინტერვიუში განაცხადეთ, რომ კარანტინში არ გყავდათ ბენეფიციარები. რა შეიცვალა ამ 3 დღეში?

ლაშა კილაძე: შეიცვალა ის, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის პრეპარატების ადგილზე მიწოდება უკვე დავიწყეთ.  კარანტინში მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ეს ის ადამიანები არიან რომლებმაც გვთხოვეს პროგრამაში ჩართვა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ეს ადამიანები ადრე არ იყვნენ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულები და ახლა მოითხოვეს?

ლაშა კილაძე: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ. მთლიანობაში, ამ პერიოდში, პროგრამაში 25-მდე ბენეფიციარი დავამატეთ. მათ თავად მოგვმართეს, რომ დახმარება სჭირდებოდათ. შესაბამისად, ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომელიც  ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას არეგულირებს. ამ ცვლილებამ  შესაძლებლობა მოგვცა, შევსულიყავით კარანტინში, ადგილზე გვენახა ყველა ადამიანი და მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ამ ხალხის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

მედიაცენტრი მთავარი:“ უცხოეთიდან დაბრუნებულმა დაახლოებით რამდენმა ადამიანმა ითხოვა პროგრამაში ჩართვა?

ლაშა კილაძე: მთლიანობაში,  შემოსული იყო დაახლოებით 40 ადამიანის მოთხოვნა და აქედან, 25 -მდე ადამიანს დასჭირდა პროგრამაში ჩართვა, ისინი შესაბამის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებდნენ. მათ პერმანენტულად კარანტინში ვაწვდით პრეპარატებს.

მედიაცენტრი მთავარი:“  რაც შეეხება სხვა ბენეფიციარებს, ვინც უკვე პროგრამაშია, ისინი პრეპარატებს ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ თუ მიიღეთ გადაწყვეტილება და შინ ატანთ წამლებს?

ლაშა კილაძე: ამ მხრივაც, ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბენეფიციარებს შეუძლიათ, 5 დღის საკმარისი პრეპარატები შინ წაიღონ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მათ ყოველ დღე არ მოუწიოს სერვის ცენტრებში მისვლა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 3-4 დღეში კი შესაძლებლობა გვექნება,  9 000 ვე ბენეფიციარმა, ვისაც სურვილი ექნება,  5 დღის დოზა პრეპარატი შინ წაიღოს.

მედიაცენტრი მთავარი:“ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნებთან მიმოსვლა შეიზღუდა და საზღვარი ჩაკეტილია, პრეპარატების მარაგი არსებობს?

ლაშა კილაძე: მარაგი არის, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს და პარალელურად, სოციალურ დაცვის სააგენტო მუშაობს ახალი პარტიის შემოტანაზე. დღეის მონაცემებით, 4500-ზე მეტ ბენეფიციარს 5 დღის საკმარისი პრეპარატი უკვე გავატანეთ.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები