ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

ე.წ “გერმანული მოდელი” პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივა საკანონდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მიიტანა. შეთავაზება ახლა პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ, პროექტს ბიუროზე გაიტანს.

ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს უკვე უფლება ექნება კანონპროექტი ექსპერტული ანალიზისთვის  ეუთი/ოდირს გაუგზავნოს.

როგორც პარლამენტის ვიცეს-პიკერი, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, სწორედ ეს კანონპროექტია ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

“ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მასში გათვალისწინებულია  გერმანული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს. ამ კანონის ავტორია 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლები. ამიტომ სრული კონსენსუსია ოპოზიციურ ფლანგზე და ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა. მათ თუ უნდათ გამოსავლის მოძებნა ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან, ეს არის გამოსავალი,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი თემები