მსახიობი ეკა ჩხეიძე შსს-ს მიმართავს

  •  

მსახიობი ეკა ჩხეიძე შიშობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრებათ. მსახიობისთვის ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომელიც მას წლებია დასდევს და ემუქრება, გირაოთია გათავისუფლებული.

საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად, მსახიობი სამართალდამცველებს მიმართავს. ეკა ჩხეიძე ბოლო წლებია, მისთვის უცნობი მამაკაცისგან მუქარისა და ადევნების მსხვერპლია. როგორც აღმოჩნდა მამაკაცი, მსახიობს უკვე 5 წელია ავიწროებს. იყო ფაქტი, როდესაც მან სადარბაზოსთან გაისროლა კიდეც. 56 წლის მამაკაცი, ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქორწინების იძულებაზე და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე დაიწყო, ბრალდებული დააკავეს. თუმცა სასამართლომ ის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ეკა ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა ადევნება კვლავ გააგრძელოს.

მსახიობზე მოძალადე, 56 წლის უჩა მიშველაძეა. ის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, უსაფრთხოების სამსახურში 10 წელია მუშაობს. ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, დისციპლინური გადაცდენის გამო მას პრობლემები რამდენჯერმე ჰქონდა.

მსახიობის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერეს. შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოძალადეს შეზღუდვები  დაუწესეს, მათ შორის ეკრძალება ეკა ჩხეიძის სამუშაო ან საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე სატელეფონო და ნებისმიერი სხვა სახის კონტაქტი.

მსგავსი თემები