Amnesty International-ი რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას დაკავებულ პირთა სავარაუდო წამების გამოძიება

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას, ან გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი, სიღრმისეული და მიუკერძოებელი გამოძიება, – აღნიშნულის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ანგარიში საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობამ უნდა დაადგინოს დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები, გონივრული ეჭვის და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე და აღასრულოს სამართალი მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარების დაცვით; დაუყოვნებლივ და სრულად აანაზღაუროს მისი საერთო ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და მისი სამხედრო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მსხვერპლთათვის მიყენებული ზარალი.

“რუსეთის მთავრობამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; მათ შორის, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით. ამავე დროს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა არსებული სიტუაციის შესაბამისი და გადაუდებელი აუცილებლობით ნაკარნახევი იყოს; დაუყოვნებლივ გადახედოს და შეამსუბუქოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული გადაადგილების რეჟიმი.

გააუქმოს გადაადგილებაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც უსაფრთხოებისა და სამხედრო საფრთხეებით არ არის ნაკარნახევი. უზრუნველყოს, რომ შეწყდეს არაპროპორციული წნეხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე; შეაფასოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული მიმოსვლის რეჟიმისა და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურის გავლენა ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. მისი ქმედებები სრულ თანხვედრაში მოიყვანოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამავე დროს, თანმიმდევრულად და ღიად აღასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნულია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი თემები