როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი – ივანე ჩხაიძე „მედიაცენრ მთავარში“

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.

„მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელების ძირითადი წყარო არის კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი. 2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი. აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონტაქტზე”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ,,მაიმუნის ყვავილს“ საყურადღებო გართულებებიც ახასიათებს, როგორიცაა: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება. ეს ინფექცია საშიშია იმ გამონაყარით და გამონაყარის გართულებით, რაც ზოგადად ყვავილს ახასიათებს.

„იწყება როგორც ვირუსული ინფექცია, ცხელება, საერთო სისუსტე, რესპირაციული სიმპტომები, რომელსაც შემდგომ მოჰყვება გამონაყარი. ეს გამონაყარი რამდენიმე დღეში იღებს სპეციფიკურ სახეს, შიგთავსის შემცველი გამონაყარი, შემდეგ ის სკდება და მიმდინარეობს საკმაოდ ხანგრძლივად, 2-დან 4 კვირის განმავლობაში. კოვიდის დროსაც 1-2 კვირა იყო ხანგრძლივობა, მაგრამ აქ ხანგრძლივობაა დიდი. აქ არის საყურადღებო გართულებებიც, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს: ენცეფალიტი, სიბრმავე, სხვადასხვა სისტემის დაზიანება.

2022-2023 წლის აფეთქების დროს გართულებების ალბათობა იყო ნაკლები, ახლა გართულების ალბათობა მაღალია. ლეტალობის პროცენტიც ცნობილია. 100 დაავადებულიდან ლეტალობა დგება 4.9%-ში ანუ 5 შემთხვევაში. ბევრად უფრო მაღალი პროცენტია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში. თუმცა, ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით, ბავშვებში შეიძლება ეს მაჩვენებელი 10%-საც აღწევდეს”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან განმარტა, თუ საქართველოში შემოვიდა იმ ზონიდან ადამიანი, სადაც „მაიმუნის ყვავილია“ გავრცელებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შემოიტანოს და შემდეგ გავრცელდეს. განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრალური აფრიკის ქვეყნებს.

,,რაც შეეხება ვაქცინას, 4 ტიპის ვაქცინაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ ეს ვაქცინა ეფექტურია, როგორც დაავადების თავიდან აცილების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში. თუ თქვენ კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი“ დაუდასტურდა, ამ ვაქცინის გაკეთება სწრაფად, დაავადებისგან თავის დაცვის შესაძლებლობად მიიჩნევა. მკურნალობა არის სიმპტომური, მაგრამ არსებობს ანტივირუსული საშუალებაც, მისი საბოლოო ეფექტურობა კვლევებით დადასტურებული არაა, მაგრამ გამოიყენება წარმატებით და ამცირებს ლეტალურ შედეგს.

„მაიმუნის ყვავილზე“ იმუნური ფენა ჰქონდა წინა საუკუნის ბოლოს მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველანი იყვნენ ყვავილზე ვაქცინირებულები. 1980 წლამდე დაბადებულს, ვისაც აქვს ყვავილზე ვაქცინა გაკეთებული, მათ დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი შემცირდა, ამ ვაქცინის დამცველობითი უნარი შემცირდა. 2022-2023 წლის აფეთქება გარკვეულწილად უკავშირდება ამ იმუნიტეტის შემცირებას და გაქრობას. საქართველოში რთული სათქმელია არის თუ არა მოსახლეობის ფენაში დარჩენილი იმუნიტეტი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები