„მაიმუნის ყვავილისგან“ გარდაცვალების მაჩვენებელი 5%-ია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა ,,მაიმუნის ყვავილი” პირველად იდენტიფიცირებული იყო 1958 წელს კოპენჰაგენში, ლაბორატორიულ ექსპერიმენტის დროს. თუმცა, პირველი შემთხვევა ადამიანში დაფიქსირდა 1970 წელს, კონგოში და სწორედ, ამ დროიდან იწყება მისი გავრცელებაც.

მისი თქმით, ,,მაიმუნის ყვავილს” ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს და 2022 წლიდან არის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2022-2023 წლის აფეთქება, რომელიც მსოფლიოს 116 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის საქართველოშიც, ორი შემთხვევა. მისი გავრცელების წყარო ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებია. შესაბამისად, ორი განსხვავებული ვარიანტი აქვს ,,მაიმუნის ყვავილს”. ერთი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობის, რომლის შემთხვევაშიც 5%-ია გარდაცვალების მაჩვენებელი და ახლა, სწორედ ეს ვარიანტი ცირკულირებს. მეორე, დასავლეთ აფრიკის ვარიანტი, სადაც 0,2%-ია გარდაცვალების მაჩვენებელი.

ის, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა ეყრდნობოდა, სწორედ ახალ აფეთქებას კონგოსა და მის მეზობელ ქვეყნებში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის ქვეყნებში, შვედეთშია ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული ადამიანი ნიგერიიდან დაბრუნდა და მისი გავრცელება ისეთი ფართო არ არის მსოფლიოს ქვეყნებში, როგორიც 2022-2023 წლის აფეთქების დროს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ უფრო იოლად გადაეცემა ეს ვარიანტი და უფრო მძიმე მიმდინარეობაა, ჯანმომ ამიტომ გამოაცხადა 15 აგვისტოს საზოგადოების ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ.

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რისკები საქართველოში – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები