„შაჰინისა და ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი“-ყიფიანი

„სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი – ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი“- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალური იყო და რამდენიმე წუთით შემოიფარგლა.

„ეს იყო არაფორმალური შეხვედრა. ფორმალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთით შემოიფარგლა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან – სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი. ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი. ამ გამოსწორების გზაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი სურვილი და მზაობა და ადამიანური დამოკიდებულება ჩვენი სტუმრების მხრიდან“ – განაცხადა ყიფიანმა

კითხვაზე, შეხვედრისას იყო თუ არა მსჯელობა პარტია „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ყიფიანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა!“

„მთავარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკელი სტუმრების მხრიდან ეს არის მათი ერთგულება, მზაობა მაქსიმალურად დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში და ინსტიტუტების განვითარებაში. ჩვენი მთავარი სისუსტე მოწყვლადი ინსტიტუტებია. ალბათ, ინსტიტუტების გამართვის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო თამამად დაველაპარაკებით ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს“- აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები