ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა

,,ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2024 წლის 1 ივლისიდან, კანონის ძალით, საქართველოში, იურიდიული 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს ძალა დაეკარგა.

„იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ.

აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს, 1 აგვისტოდან, სოციალური დახმარების, პენსიისა და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატებისა და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლების ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად, მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები