სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ – ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული ა.გ. დამნაშავედ ცნო.

,,სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები