,,1 აგვისტოდან ორგანიზაციებს შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის ტექნიკური ბაზა და მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პირველი აგვისტოდან, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, მოუწევთ განაცხადის გაკეთება.

მისი თქმით, თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, ჯერ დააჯარიმებენ, შემდეგ კი იძულებით აღსრულება მოხდება.

,,1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება. თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – თქვა მინისტრმა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა როგორ მოხდება იმ ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაცია ბაზაში, რომლებიც ამას თავად არ გააკეთებენ.

მსგავსი თემები