საფრანგეთის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ვანდალური აქტის გამო დაზიანდა

ოლიმპიადის პერიოდში საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიიდან 3 დღის შემდეგ თავდასხმა განხორციელდა საფრანგეთის მთავარი სატელეფონო ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე.

არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით საფრანგეთში რამდენიმე სატელეფონო ოპერატორი ,,ვანდალიზმის” გამო დაზიანდა.

საიტების Downdetector და Zone-Adsl-ის მიხედვით, რომლებიც გათიშვებთან დაკავშირებით ინტერნეტ მომხმარებლებისგან მიღებულ შეტყობინებებს აქვეყნებენ, პრობლემები დაფიქსირდა Orange, SFR და Bouygues ქსელებში, განსაკუთრებით კი Free ქსელში.

კვირას დილის 1-დან 3 საათამდე, SFR-მა ერთდროულად 6 დეპარტამენტში არსებული პრობლემების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ერთდროული ვანდალიზმის აქტები დაფიქსირდა ჰეროში, ბუშ-დუ-რონში, ოიზში, მეზაში, დრომში და ოდში. პოლიციის წყაროს ცნობით, გაჭრილი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რის გამოც მათთან დაკავშირებული სარელეო ანტენები არ მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მავნე აქტივობა შეეხო საკაბელო და მობილურ ხაზებს.

ოპერატორმა Free-მ განაცხადა, რომ ქსელი „02:15 საათიდან განიცდის მნიშვნელოვან შენელებას“ და აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო სერვისები კვლავ უზრუნველყოფილია, თუმცა „მომსახურების ხარისხის პერიოდული გაუარესებით“. კომპანიის განცხადებით, გუნდი მობილიზებულია სიტუაციის გამოსასწორებლად.

ამ ეტაპზე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

მსგავსი თემები