,,ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც დაასახელეთ” – კახა კალაძე

„ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და ქვეყნებზე, რომელიც დაასახელეთ“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებაზე.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი მთავრობა, რომელიც არის პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული და იცავს ქვეყნის ინტერესს, არ მოაკლებს არაფერს.

ბევრი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა არსებობს გამოწვევები და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში. შედარება არის მარტივი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ყველა მიმართულებით და რა ვითარება გვაქვს დღეს.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის არგუმენტი და საბაბი არ არსებობს.

„არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმემ შეწყვიტოს ფინანსების გაცემა, სესხის გაცემა, იმიტომ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და მიღწევები, გვაქვს მიღებული შედეგები. შესაბამისად, არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეჩერდეს სესხები.

თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც – საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები