„ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

„2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა – ყვავილებით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ტუჩზე კოცნით იყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს მიდგომა, რიტორიკა, თუ როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში. არადა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გაასხვისეს ისევ იმ ადამიანებმა, რომლებიც ეწინააღმდეგენოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას, მანამდე კი პირიქით, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები