ლგბტ პირებისთვის კვერცხების სროლისა და აგრესიისთვის 28 პირი დააკავეს

  •  

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დააკავეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო თითოეული ადამიანს იცავდა და დაიცავს კიდეც: „შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება,“  – აცხადებენ უწყებაში.  

შსს-ში ასევე განმარტავენ, რომ სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

მსგავსი თემები