“შსს-სთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება”- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”

„შს სამინისტროსთვის მიყენებული 400-ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს“- ამის შესახებ  “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

„დღეს, მოსამართლე ნათია გუდაძე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. პროკურატურამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეებს ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც უალტერნატივო სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე მესამე თვეა, ორი ახალგაზრდა, შსს-თვის 400 ლარიანი ზიანის მიყენების საბაბით პატიმრობაში იმყოფება.მათ ბრალდების მხარე პროტესტის დროს პარლამენტის შენობის წინ აღმართული რკინის დროებითი კონსტრუქციის დაზიანებას ედავება“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში”ამბობენ, რომ ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა მხარდაჭერის სურვილი.

„ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს. პირადი თავდებობა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლითაც სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას” – აცხადებენ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში”.

მსგავსი თემები