„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადება“- რატომ იბარებენ სუს-ში ქართველ მებრძოლებს

“საქართველოში თურმე იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება”– ამის შესახებ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რამიშვილის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, შესაძლო, ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი, უკრაინაში ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს უკრაინაში მყოფი მაღალჩინოსნები და ქართველი მებრძოლების მათთან შემხებლობა. რამიშვილის განცხადებით, სხდომაზე დასახელდა „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი.

 

მსგავსი თემები