„უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს“ – სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს შეფასებით, უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს.

„ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია, ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მისივე განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება, „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეეყვანა, რამაც ნავთობის ტრანზიტის შეჩერება გამოიწვია, „უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის“.

ინფორმაციისთვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. ივნისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები გააფართოვა და სიას ტრანზიტის აკრძალვაც დაამატა.

 

მსგავსი თემები