„დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს პროცესებში ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის უკანონო პროცესი.

„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ, მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა, მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.

მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, – გნაცხად გიორგი მსხილაძემ.

 

მსგავსი თემები