ლატვიაში ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა იკრძალება

16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის სანქციების თანახმად აკრძალულია ევროკავშირში ბელარუსიდან იმ პროდუქციის იმპორტი, რომლის გაყიდვაც ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამ ჩამონათვალაშია მსუბუქი ავტომობილებიც.

,,ევროკავშირის სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეზღუდვა არ გავრცელდება დიპლომატიურ მანქანებზე.

საბაჟო უწყებების მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მათ შორის ბელარუსში ან რუსეთში უკან გაბრუნებას, ავტომობილი შესაძლოა კონფისკაციას დაექვემდებაროს.

შეგახსენებთ, გასულ წელს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარ ტერიტორიებზე რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა აეკრძალათ, მოგვიანებით მათ შეუერთდა ფინეთი და პოლონეთი.

მსგავსი თემები