,,ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა” – შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე

,,ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს მოკავშირეების გარეშე დარჩენის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სიცრუეა თითქოს ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება.

„საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა. რა თქმა უნდა საქართველო აპირებს, რომ ამ მხრივ იყოს ნაწილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, ეს ერთი. და მეორე, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა.

აქ რომ ომი ატეხილიყო, რაც უნდოდა ჩვენს ოპოზიციას და ენჯეოების ნაწილს, აქ რომ ომი ატეხილიყო საქართველო ხომ დაინგრეოდა, მაგრამ არანაკლებ ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც. იმით, რომ ჩაიკეტებოდა ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი. ეს ჩრდილოეთ დერეფანი ჩაკეტილია და ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ხანი იქნება ჩაკეტილი ევროპის და აზიის დამაკავშირებელი.

სამხრეთ კორიდორი იცით რა გამოწვევები არის სრუტეებში, მათ შორის თავდასხმების მხრივ და არის ხანგრძლივი მარშრუტი და არ არის უსაფრთხო. ერთადერთი უსაფრთხო და ამავე დროს მოკლე მარშრუტი დაკავშირებისა ევროპასა და აზიას შორის არის საქართველო. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ამაზე, ვინც აქ აპირებდა ომის ატეხას, ვისი ინტერესებით მოქმედებდა.

ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება სხვადასხვა ფორმატებში. ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი ევროკავშირის ფონდის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფა, როდესაც ჩვენ ვიხილავდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი. თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რატომ ამტკიცებდნენ ამ პაკეტს?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები