ორბანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს, ხუთშაბათს, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. ინფორმაციას Bloomberg და TIME ავრცელებენ. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ხდება.

მედია წერს, რომ ვიზიტი სავარაუდოდ გააძლიერებს შეშფოთებას, რომ უნგრეთის ლიდერი მუშაობს როგორც შუამავალი პუტინსა და ტრამპს შორის. ორბანი ამჟამად ვაშინგტონშია ნატო-ს სამიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც ის ტრამპთან შესახვედრად წავა მარ-ა-ლაგოში.

მედია იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას სჯერა, შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაათავისუფლოს რუსეთში დაკავებული ამერიკელები, თუ მას მეორე ვადით არჩევენ.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანი ჩინეთში სი ძინ პინს შეხვდა და თქვა, რომ ოფიციალური პეკინი არის ,,მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში”.

მედია წერს, რომ კომენტარი საკითხზე არც ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა და არც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერებმა არ გააკეთეს.

მსგავსი თემები