,,ვინ ითამაშებს და ვინ არა გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ” – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ხვალინდელ ისტორიულ მატჩზე პირველ კომენტარს აკეთებს:

,,არ მგონია, აქ იმისთვის ვიყო, რომ გასულ ორ მატჩზე ვისაუბრო. ხვალ პორტუგალიას ვეთამაშებით და ესაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბუდუს.

ბუდუ გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, მაგრამ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება.

მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ.

ზოგმა ფეხბურთელმა ორი მატჩი ითამაშა, რაც რთულია. ზოგი უფრო მეტადაა დაღლილი, ზოგიც ნაკლებად. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება, რათა თამაშში უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ.

არამხოლოდ მწვრთნელებისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც საინტერესო მატჩი იყო. ამან ყველას აჩვენა, რომ საქართველომ აქ ყოფნა დაიმსახურა. ტურნირამდე გვესმოდა ისეთი მოსაზრებები, რაც შეურაცხმყოფელიც იყო. მათ შორის ლეგენდებისგანაც. ეს არ იყო კარგი. აქ თუ ვართ, ეს იმის გამოა, რომ სწორად განვვითარდით.

ლევანი საბერძნეთთან დაშავდა მას შემდეგ ცოტა ითამაშა. ვცდილობთ, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩადგეს. მაგრამ სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებიც მზად არიან, ისევე როგორც ის. ყველათი კმაყოფილი ვარ, კარგად მშრომელი ბიჭია და გუნდში სწორედ მისი მსგავსი ფეხბურთელები მჭირდება.

გაბრიელ სიგუა ჯაბას გადაწყვეტილების შემდეგ შევიყვანე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და მინდოდა, მსგავსი პროფილის მოთამაშე მყოლოდა გუნდში. ეს მას დაეხმარება, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს”, – განაცხადა სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება. 2 მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ჯგუფიდან გასასვლელად კი „ჯვაროსნებს“ პორტუგალიის დამარცხება სჭირდებათ. თუმცა არის იმის შანსიც, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ფრეც იყოს საკმარისი.

მსგავსი თემები