დაღესტანში 5 თავდამსხმელია ლიკვიდირებული – მათ შორის, შესაძლოა MMA-ს ყოფილი მებრძოლიც იყოს

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ბოლო ცნობებით, თავდამსხმელების მსხვერპლი გახდა 15-ზე მეტი პოლიციელი, ასევე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი.

რუსი სამართალდამცველების ცნობით, ლიკვიდირებულია ხუთი ბოევიკი – ორი დერბენტში და სამი მაჰაჩყალაში. დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის ცნობით, კი მოკლულია 6 თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს, დაღესტნის ორ ქალაქში დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მოკლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი. მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შორის შესაძლოა MMA-ს ყოფილი მებრძოლი გაჯიმურად კაგიროვიც იყოს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი – ადილ და ოსმან ომაროვები, რომლებიც ასევე ლიკვიდირებული არიან.

დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

მსგავსი თემები