კონფლიქტი შალვა შავგულიძის პლაკატის გაკვრის გამო

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უცნობმა ადამიანებმა მისი ოფისის ფანჯარაზე,  შალვა შავგულიძის პლაკატების გაკვრა მოინდომეს, რისი უფლებაც მან არ მისცა. 

“დილით, რომ მოვედი ოფისში, შემოვიდა ორი მამაკაცი და ორი ქალი, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები და უნდოდათ შავგულიძის პლაკატების ჩემი ოფისის ფანჯარაზე გაკვრა, რაზეც უარი ვუთხარი, რადგანაც, შალვა შავგულიძის კანდიდატურას არ ვუჭერდი მხარს. ამან ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც მალევე ამოიწურა და უცნობები წავიდნენ. ცოტახანში, ჩემს ოფისთან, სხვა ჯგუფი გამოჩნდა და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყეს, თითქოს მე, მათი უფლებები დავარღვიე და პლაკატის გაკვრის შესაძლებლობა არ მივეცი. ვუპასუხე, რომ ეს არის ჩემი ოფისი, ჩემი ფანჯარა და როგორც ლადო კახაძეს მხარდამჭერი შავგულიძის პლაკატს არ გავაკვრევინებდი. ამის შემდეგ ჩვენს შორის შეკამათება მოხდა. მე მათ კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ვარ და შალვა შავგულიძის კანდიდატურა ჩემთვის მიუღებელია,”- განაცხადა ალი ბაბაევმა “მთავართან”.

მისივე ინფორმაციით ამავე ადამიანების ჯგუფმა, შემდგომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა: “თითქოს, მათ შალვა შალვა შავგულიძის პლაკატების გაკვრას ვუშლი და მათ უფლებებს ვარღვევ რაც ტყუილია.” 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი, თბილისში, ახვლედიანის ქუჩა N12-#2-თან მოხდა.

მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“) მიიღებენ.

მსგავსი თემები