სად და რა ღონისძიებები იმართება დღეს ბავშვებისთვის უფასოდ

დღეს, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება.  

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს.

“ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ,” – განაცხადეს მერიაში. 

13:00-დან 22:30 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა.

საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით, გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება კონცერტი „ბზიკების“, „ლურჯა ცხენების“, „რეზო და ბავშვების“, საჯარო სკოლების სტუდიებისა და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რამდენიმე გასართობი სივრცე.

გლდანის გამგეობის ორგანიზებით, გლდანის პარკში გაიმართება მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები და გამოიყოფა სპეციალური სივრცეები სხვადასხვა შოუებისთვის.

კრწანისის რაიონის გამგეობა, საბავშვო ღონისძიებას, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში გამართავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრი, ბაკურ სულაკაურის ხატვის მასტერკლასი, მხიარული სტარტები, კლოუნები და ზღაპრის გმირები. საღამოს დაასრულებს ბავშვთა ორკესტრი.

ისნის რაიონის გამგეობა, პატარებს რიყის პარკს დაუთმობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოეწყობა მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, „ბრაზიანი ჩიტები“, გასაბერი ბატუტი. პატარებს გაართობენ მასკოტები, ოჩოფეხები და ანიმატორები. გაიმართება საპნის ბუშტების, ილუზიონისტების და აზოტის შოუ, ასევე, მხიარული სტარტები.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ღონისძიებას აღმაშენებლის N61-ში გამართავს. მოწვეულ პატარებს აქაც კონცერტი, ანიმატორები, სხვადასხვა თამაშები და შოუები ელით.

მთაწმინდის გამგეობა, პატარებს 9 აპრილის ბაღში საპნის ბუშტების შოუს, კლდეზე ცოცვას, ბატუტზე ხტომას, ვირტუალური რეალობის სივრცეებს და ილუზიონისტების შოუს შესთავაზებს. ღონისძიება საბავშვო ანსამბლის კონცერტით დასრულდება.

სამგორის რაიონის გამგეობა, საბავშვო ღონისძიებას „ჰუალინგ ჯგუფთან“ ერთად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. მთელი დღის განმავლობაში, იგეგმება სპორტული შეჯიბრებები, თამაშები, მოძრაობის თეატრის შოუ, კონტაქტური ზოოპარკი, ანიმატორების და ილუზიონისტების შოუები, გამოფენა-გაყიდვა და კახა კუხიანიძის სტუდიის საბავშვო საკონცერტო პროგრამა. საღამო სტეფანეს კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.  

ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ღონისძიებას ზღვის უბანში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას 20 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ.

ბავშვთა დაცვის დღეს, თბილისის ზოოპარკიც სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, აქვე გაიმართება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია. ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის – „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ გამარჯვებულები.    

მსგავსი თემები