მესამე ცდით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათის შემდეგ ვერ იწყებოდა კვორუმის არარსებობის გამო, გაიხსნა. რეგისტრაცია, მესამე ცდაზე, 77-მა დეპუტატმა გაიარა.

სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი არ ჩაურთო დეპუტატ თეონა აქუბარდიას, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მან რეგისტრაცია არ გაიარა.

,,გადათვლასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. მესამე, შეგიძლიათ ჩამოიაროთ და თქვენ თვითონ გადათვალოთ რამდენი ადამიანია, თქვენ არასერიოზულობას ხომ ხედავთ სადამდე მიჰყავხართ. დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არ გაიარეთ ხომ არც ერთი, ეს გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არგავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი.

მე მგონი, ამით გახსენით თქვენ პანდორას ყუთი, ვინაიდან სამშაბათი, დღევანდელი დღეს უპირველეს ყოვლისა ოპოზიცია იყენებს ხოლმე ამას პოლიტიკური განცხადებებისთვის, და სხდომა თუ არ გაიხსნება სამშაბათს, ვერც პოლიტიკური განცხადებები გექნებათ. თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი და მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია უმრავლესობამ და დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებების და მედიაში აწეული სათაურების გარეშე. ასე რომ, თუ პარლამენტში თქვენი პოლიტიკური საქმიანობის კულტურა ასე გესმით, რა თქმა უნდა, შეიძლება ამის საპასუხოდაც მიიღოთ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება”, – უთხრა პაპუაშვილმა აქუბარდიას.

მსგავსი თემები