უფლებადამცველებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუს პროპაგანდისტებს უჩივლეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა (CCL) და ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) რუს პროპაგანდისტებს უჩივლა.

ჯგუფმა სასამართლოში წარადგინა მოხსენება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რუსი პროპაგანდისტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულები. კერძოდ, ისინი ადანაშაულებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს. მომზადებულ მოხსენებაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც, რომლის მითითებითაც ხდება პროპაგანდისტული მასალების გავრცელება.

გადაცემების (500 საათზე მეტი) ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად ავტორებმა გამოავლინეს სიძულვილის ენის 300-ზე მეტი შემთხვევა და მოუწოდეს ICC-ს გამოიძიოს ეს დანაშაულები.  უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უცნობი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, ყურადღებას ამახვილებს რომის სტატუტის მე-7 მუხლის მიხედვით სიძულვილის ენის დარღვევაზე.

,,სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის” პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ თითოეულ ადამიანზე, რომელსაც სარჩელი ეხება, წარდგინებაში დააზუსტეს დაახლოებით 5-7 ძირითადი ნარატივი, რასაც ავრცელებდნენ, ზოგის შემთხვევაში მეტი, ზოგის შემთხვევაში ნაკლები, მაგრამ როგორც ის ამბობს ყველა მათგანი აჟღერებდა მოწოდებას ძალადობისკენ.

ცნობისთვის, მანამდე ICC-მა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.

მსგავსი თემები