ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების თქმით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ადგილზე ერთდროულად ჩატარდა.

,,დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.

მსგავსი თემები