“სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია”- მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გახსნა

“სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტს განვითარება.

„დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზეა, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და რაც მთავარია, თვალს უხარია ასეთი ლამაზი სტადიონი. სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას, უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას, სწორ გზაზე მდგომ ახალგაზრდობას და ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. ასეთი ობიექტების გახსნაზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო” – განაცხადა პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა. პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალი საფეხბურთო სტადიონი უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.

 

მსგავსი თემები