„ჩინურ კომპანისთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა“ -კობახიძე

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ანაკლიის გარშემო პროცესებში ჩართულ პოლიტიკურ ოპონენტებს, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუვადა შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მიეზიდათ, თუმცა ვერ შეძლეს და ახლა პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ.

როგორც მან აღნიშნა, ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

„ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ. დაასახელონ ინვესტორი, რომლის მოზიდვაც მოახერხეს ამ წლების განმავლობაში, ვერ მოიზიდეს ვერც ერთი ინვესტორი. ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ არის სრული სპეკულაცია. არა თუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისათვის, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერც ერთი ინვესტორის დაინტერესება იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესები და არა რეალურად პორტის განვითარების ინტერესი“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები