“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს”- მეთიუ მილერი “უცხოური გავლენის” კანონზე

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. მილერის განმარტებით, აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

“დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ “უცხოური გავლენის” კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შესაბამისად კანონპროექტი იქცევა კანონად. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, ვინც უკვე კვირებია ამ კანონს ქუჩებში გამოსვლით ეწინააღმდეგება” – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უგულვებელყო ევროსაბჭოს “ვენეციის კომისიის” სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკამ დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.

მილერის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ – ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

 

 

 

მსგავსი თემები