„არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ევროკავშირის თემით შანტაჟი გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისთვის“- კობახიძე

„ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამბობდნენ, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მისცეს სტატუსი და არა ხელისუფლებას, თუმცა 2022 წელს იგივე ქართველ ხალხს უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე.

„არ შეიძლება ასეთი მანიპულაციები. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებების გამოვლენა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი და არ შეიძლება, ყოველ ჯერზე თითოეული ნაბიჯი გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის – ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკებების გახსნა და ამის შემდეგ სხვა ნაბიჯები იქნება. მთავარია ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ რასაც ვხედავთ, იყო პირდაპირი მცდელობა, რომ გლობალური ომის პარტიას ევროკავშირის თემა გამოეყენებინა საქართველოში ვითარების არევისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად.

ასეთი პროცესები სადამდეც მივიდა უკრაინაში, ყველამ ვნახეთ. იქაც რეალურად თავის დროზე საბაბად იქნა გამოყენებული სწორედ ევროკავშირის თემა. დეტალებს არ გავიხსენებ, რა მოხდა 2013-2014 წლებში უკრაინაში და რეალურად, ამ შანტაჟმა უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მსგავსი თემები