,,ოცნებას” ვეტოს დაძლევა პროტესტის ფონზე მოუწევს – პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკვე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც თვეზე მეტია გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციაზე იმყოფება ზესტაფონის სოფელ დილიკაურიდან ჩამოსული ქალი, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდებს ღვეზელები ჩამოუტანა.

,,მე ასეთი საქართველოსთვის ნამდვილად არ მიბრძოლია, 9 აპრილის მონაწილეც ვარ. აქ ხომ არ დავბერდეთ მართლა ხალხი, ცოდოები აირან ეს ახალგაზრდები, ამათ მომავალი უნდათ, წინ ევროპისკენ, არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას. ესენი უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მე დამიჭირეს, ზესტაფონში წარწერები გავაკეთე არა რუსულ ოცნებას, ძირს ბიძინა, დამიჭირეს და თქვენ წარმოიდგინეთ, 12:00 საათიდან საღამოს 6 საათამდე გამაჩერეს პოლიციის განყოფილებაში და ოქმი ვერ დაწერეს, ვეხვეწებოდი, მე დაგიწერთ ოქმს, მომეცით, აი ადამიანი ვერ გამოჩნდა, რომ ოქმი დაეწერა, თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის ხალხი, ასეთი ხალხი სჭირდება ივანიშვილს, ადვილი დასამონებელი და კიდევაც გაგვხადა მონები”, – ამბობს ის.

აქციის მონაწილეა 84 წლის ქალი, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ახალგაზრდები ლაღ და კარგ ცხოვრებას იმსახურებენ, სწორედ ამიტომ აპროტესტებს კანონს – “ღმერთმა გამარჯვებამდე მიიყვანოს ჩვენი ახალგაზრდობა”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომა, სადაც “ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს, ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე 17:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული.

მსგავსი თემები